ზესტაფონის ისტორია
ზესტაფონი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. თავად სახელწოდების წარმოშობას ზედა ფონს უკავშირებენ (მდ. ყვირილის ზედა ფონი). XIX- ე საუკუნის 20-იან წლებში აქ კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი იყო და ამავე პერიოდში ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა. XX საუკუნის 20-იან წლებში, მცირე დროით იგი რევოლუციონერ ჯუღელის სახელს ატარებდა, მოგვიანებით კი კვლავ დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება. XX საუკუნეში ფეროშენადნობთა ქარხნის ამუშავებამ ზესტაფონის ზრდა განაპირობა და იგი საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიალურ ცენტრად იქცა. რაიონში წამყვანი სამრწველო დარგებია: შავი მეტალურგია, ელექტროენერგია და კვების მრეწველობა, განვითარებულია სოფლის მეურნეობაც, განსაკუთრებით მევენახეობა. დღესდღეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმი, 2 პროფესიული სასწავლებელი, თეატრი და 42 ბიბლიოთეკა. ასევე გამოიცემა ადგილობრივი გაზეთი - "ზესტაფონის მოამბე". ზესტაფონში ადამიანი უძველესი დროიდან სახლობდა და რაიონში მრავალი სხვადასხვა პერიოდის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია შემორჩენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანტიკური ხანის შორაპნის ციხე, ტაბაკინის VI საუკუნის ეკლესია, ზედა საქარის XI საუკუნის ეკლესია, საზანოს ციხე, თამარის ხიდი ჭალატყეში და ა.შ. გარდა კულტურული ძეგლებისა ზესტაფონი ულამაზესი ბუნებითაც გამოირჩევა, განსაკუთრებით პიპულარულია მწვანეში ჩაფლული, უმშვენიერესი სამცვერას ჩანჩქერი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს, კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი. რაიონი 19 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება (1 ქალაქი - ზესტაფონი, 1 დაბა - შორაპანი, 13 თემი: ბოსლევი, დილიკაური, ილემი, კვალითი, კლდეეთი, მეორე სვირი, როდინაული, სანახშირე, ქვედა საზანო, ქვედა საქარა, შროშა, ცხრაწყარო, ძირულა და 4 სოფელი: ზედა საქარა, ზოვრეთი, პირველი სვირი, ფუთი). ზესტაფონს თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. რელიეფის სიმაღლე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადად ზღვის დონიდან 90მეტრიდან 200 მეტრამდე მერყეობს, თუმცა სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სიმაღლე ზოგან 1088 მეტრსაც აღწევს. ზესტაფონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა, ბუჯა, რომლებიც წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ. რაიონის გორაკიანი ზონა კოლხური ტყითაა დაფარული, სადაც ძვირფასი ძვირფასი ჯიშის ხეები გვხვდება (მუხა, წიფელი, კოპიტი, კაკლის ხე და სხვა).
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საშუალოდ სუბტროპიკული კლიმატია, შედარებით ცივი ზამთრითა და მშრალი ზაფხულით. წლის საშუალო ტემპერატურა 14°C -ა. იანვარის საშუალო ტემპერატურაა - 3,7-4,3°C, აგვისტოსი კი - 24°C. გორაკიანი და მთიანი ზონებისათვის დამახასიათებელია შედარებით დაბალი ტემპერატურა და დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამცვერას ჩანჩქერი, რომელსაც ზაფხულობით უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი სტუმრობს. ზესტაფონში სხვადასხვა პერიოდის მრავალ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლს ნახავთ. აქ მდებარეობს ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე, რომელიც ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა ააგო. სტრაბონის ცნობით, იგი იმდენად დიდი იყო, რომ მასში ქალაქის მთელი მოსახლეობა თავისუფლად ეტეოდა. საზანოს ციხე, თამარის ხიდი, ტაბაკინის მონასტერი, საქარის ეკლესია, დიკლაურის ციხე და სხვა მრავალი შუასაუკუნოვანი ტაძარი თუ ციხე-სიმაგრეა რაიონში შემორჩენილი, რაც მას ძალიან საინტერესოსა და ტურისტულად მიმზიდველს ხდის. ზესტაფონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში დაცული მდიდარი არქეოლოგიური მასალა მოიცავს პერიოდებს ქვის ხანიდან XIX-XX საუკუნეებამდე. აქ წარმოდგენილია კერამიკული ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ნუმიზმატიკა, ფოტომასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.
წყარო : georgiantravelguide.com